ჩვენი ინიციატივა ეხება ინკლუზიური ბავშვების პრობლემას. 'შეზღუდული შესაძლებლობა' საქართველოში გარკვეულ სტიგმას უკავშირდება. შედეგად, ბევრი მშობლები თავიანთი შვილების შეზღუდვების დამალვას ცდილობენ და შესაძლოა, არ მისცენ მათ საზოგადოებაში ჩართვის შესაძლებლობა ან უმეტესად სახლებში ჩაკეტონ. ეს კი ორ უკიდურესობას ქმნის, ერთი ის, რომ ბავშვების მდგომარეობა უარესობისკენ მიდის და მეორე, დედა რომელიც ვალდებულებას იღებს შვილის მოვლაზე საბოლოოდ რჩება თვითრეალიზაციის გარეშე. გამოდის, რომ ეს სტიგმა, რაც საზოგადოებაში არსებობს დისკრიმინაციას ახდენს, როგორც ბავშვის ასევე დედისას.
გარდა იმისა, რომ უამრავი ოჯახი მალავს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ჰყავთ. არ გამოჰყავთ სახლიდან. ბევრი ადამიანი, როდესაც ქუჩაში შშმ პირს ხედავს, არაადეკვატურად იქცევა და მათი ქმედებები, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, ასევე მათთან მყოფი ინდივიდებისთვის არასასიამოვნო და დამთრგუნველია. ქართულ რეალობაში, უმეტეს შემთხვევაში არსებობს სტიგმა, თითქოს შშმ პირს არაფრის კეთება არ შეუძლია და სრულიად უუნაროა, ხალხს ეცოდება ასეთი ადამიანები და მხოლოდ სიბრალულს გამოხატავენ.
პრობლემა, რომლეზეც ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ გენდერულად სენსიტიურია და აუცილებელ ჩარევას და დროულ რეაგირებას საჭიროებდა. იმისთვის, რომ ეს პრობლემა რაღაც დოზით გადაჭრისკენ წაგვეყვანა ინიცირება გავუკეთეთ ბავშვთა ინკლუზიური ცენტრის გახსნას. შედეგად წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შექმნილია ა(ა)იპ „ბავშვთა ინკლუზიური ცენტრი“, რომლის საქმიანობის მიზანია უნარშეზღუდულ ბავშვთა ზრდა განვითარების ხელშეწყობა, მათი იზოლაციიდან გამოყვანა და საზოგადოებასთან ინტეგრაცია, ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციით გარანტირებული განათლების უფლების უზრუნველყოფა.