საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის შესახებ


საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების გამოვლენისა და გამოცდილების სხვა მუნიციპალიტეტებისთვის გაზიარების მიზნით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) - ფარგლებში, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას ახორციელებს.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა გახლავთ ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული და ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ფართოდ გამოყენებული ინსტრუმენტი, რომელიც ემსახურება მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებული წარმატების მაგალითების გამოვლენას და მათ გამოყენებას სხვა მუნიციპალიტეტებში.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამა მუნიციპალიტეტებს აძლევს საშუალებას მოახდინონ თავისი ეფექტიანი მუშაობის დემონსტრირება, გაიზიარონ ერთმანეთის გამოცდილება და სწორედ ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით დანერგონ მათ წინაშე არსებულ გამოწვევევებთან გამკლავების უკვე აპრობირებული, ხოლო რიგ შემთხვევებში ინოვაციური გზები.

საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), ყოველწლიურად ატარებს საუკეთესო პრაქტიკის კონკურსს.

მუნიციპალიტეტებს შორის კონკურსის გამოცხადებისა და მისი ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, პროგრამის ფარგლებში იქმნება დროებითი ორგანოები - კონკურსის მმართველი კომიტეტი და შეფასების კომისია.

იმისთვის რომ საქართველოს მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი ქეისი აღიარებული იქნას როგორც საუკეთესო პრაქტიკა, იგი უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე ძირითად კრიტერიუმს; უნდა იყოს წარმატებული, გამჭვირვალე, ადეკვატური, გაზიარებადი და მდგრადი.