ბაღდათის მუნიციპალიტეტმა 2025 წელს შექმნა რეგიონული მნიშვნელობის თანამედროვე ღვინის ანალიზის ლაბორატორია, რომელიც გახდა იმერეთისთვის უნიკალური ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური პლატფორმა. პროექტის მიზანი იყო ადგილობრივ მეწარმეებისთვის მაღალი სტანდარტის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ხარისხის ზრდის უზრუნველყოფა და რეგიონის ღვინის სექტორის საერთაშორისო პოზიციონირების გაძლიერება.
ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა სრულად მოამზადა მუნიციპალიტეტმა, ხოლო ოპერირებაში გადაეცა იმერული ღვინის ასოციაციას, რომელმაც უზრუნველყო პროფესიონალი კადრების შერჩევა, გადამზადება, ISO სტანდარტების შესაბამისი მეთოდოლოგიის დანერგვა და აკრედიტაციის პროცესის დაწყება.
სატესტო რეჟიმში ლაბორატორიამ უკვე შეასრულა 100-ზე მეტი მარნის 500-ზე მეტი ანალიზი, რაც რეგიონში აქამდე მიუწვდომელი მომსახურება იყო. პროექტი ქმნის ძლიერ ბაზას მეღვინეობის სფეროს განვითარებისთვის, ამყარებს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებს და ინტეგრირებულია კოლეჯ „იბერიის“ პროფესიულ განათლებასთან, რომელიც ლაბორატორიის აკრედიტაციის შემდეგ დაიწყებს შესაბამის სასწავლო პროგრამებს.
ბაღდათის ინიციატივა წარმოადგენს წარმატებულ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივმა თვითმმართველობამ შექმნას მდგრადი, ბიზნესის მხარდამჭერი ინფრასტრუქტურა, რომელიც რეგიონში ეკონომიკური ზრდის ძლიერი სტიმული ხდება.