მოსახლეობა, მუნიციპალიტეტში არსებული ბიზნესი და არასამთავრობო სექტორი ნაკლებად ავლენს დაინტერესებასა და სურვილს მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველობის განხორციელებაში. სამოქალაქო აქტორების სიმცირე და პასიურობა მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს დუშეთის მუნიციპალიტეტისათვის. საბიუჯეტო პროცესში სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მონაწილეობასაც უმეტესად ფრაგმენტული აქტის ხასიათი გააჩნია.
გასული სამი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა დანერგა და ახორციელებს მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინოვაციურ მოდელს, რომელიც ხელს უწყობს ინკლუზიურ დემოკრატიას, იწვევს საჯარო სექტორის მოდერნიზაციას, ხელისუფლების აღმასრულებელი შტოს საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდას და ა.შ. მიმდინარე წელს, მოსახლეობის დაინტერესების და პროექტის ეფექტიანობის კიდევ უფრო ზრდის მიზნით, გამოყენებული იქნა მოსახლეობის საპროექტო წინადადებებით შემოთავაზებული სამუშაოების/ობიექტების ვიზუალიზაციის და პროექტირების AI ინსტრუმენტებიც.