მარნეულის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის გმინა კობილნიცას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ქალაქ მარნეულის N3 საბავშვო ბაგა-ბაღში 42 კვტ სიმძლავრის მზის ფოტოელექტრული პანელები დამონტაჟდა. (აღსანიშნავია, რომ საბავშვო ბაღი ერთ-ერთი დიდი ბაღია მარნეულის მუნიციპალიტეტში, 12 ჯგუფში სწავლობს 380 აღსაზრდელი). აღნიშნული პროექტი მარნეულის მუნიციპალიტეტის ინიციატივით და გმინა კობილნიცას ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ კონკრეტულ საბავშვო ბაღს შეუმცირდა ხარჯები. გაუჩნდა დამატებითი შემოსავალი, რაც შესაძლებლობაა თანხების ბიუჯეტში სხვა მიმართულებით გამოყენების და ეფექტურად განკარგვის. ასევე, პროექტი სრულიად ენერგოეფეტურია, რაც პირდაპირ ბმაშია ეკოლოგიურ საკითხებთან. ასევე, პროექტი საპილოტე ვერსიაა და ერთგვარი მოტივაციაა სხვა ორგანიზაციებისთვის (როგორც სახელმწიფო, ისე კერძო) რათა ამ მიმართულებით გადადგან ნაბიჯები და მიიღონ სარგებელი. აღსანიშნავია, რომ პროექტმა დაადასტურა ასევე, ინტერმუნიციპალური მეგობრობა, საერთაშორისო მიმართულებით ეფექტური თანამშრომლობა. ფოტოელექტრული სისტემის ინსტალაცია პოლონეთის მხარის დაკვეთით RP Global-მა განახორციელა, რომელიც განახლებადი ენერგიის სექტორში საერთაშორისო დონის დეველოპერი და ოპერატორია. პროექტის ღირებულებამ 26 680 ევრო შეადგინა და სრულად დაფინანსდა გმინა კობილნიცას ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ.
პროექტში აქტიურად ჩართულნი იყვნენ, მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების წარმოამადგენლები, N3 საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობა, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და გმინა კობილნიცის წარმომადგენლები.
ეფექტური მდგრადობის კუთხით მიმდინარეობს აღნიშნული პროექტის ინიციატივების პრაქტიკაში განხორციელება სხვა საბავშვო ბაღებისთვის.