სოციალური ინოვაციები მომავლისთვის

სოციალური ინოვაციები მომავლისთვის

სოციალური ინოვაციები მომავლისთვის
ფოთი 5. სკოლამდელი აღზრდა, სკოლისგარეშე განათლება და ზრდასრულთა განათლების მუნიციპალური პროგრამები (2024) 19-11-2024

პროგრამა “სოციალური ინოვაციები მომავლისთვის” გულისხმობს ქალაქ ფოთის   საჯარო სკოლების მოსწავლეებში ინტერესის გაღვივებას სათემო საკითხებისადმი,  მათში დიზაინის აზროვნების ჩამოყალიბებას  სოციალური ინოვაციების მიმართულებით.

პროგრამა მოიცავდა თეორიული/პრაქტიკული სწავლებისა და კონკურსის კომპონენტებს.

პირველ ეტაპზე   მონაწილეები გაეცნენ  სოციალური ინოვაციების არსს და დიზაინის აზროვნების მიდგომებს. სხვადასხვა სკოლის გუნდის წევრებმა ერთად იმუშავეს  მუნიციპალიტეტში/თემში/სკოლაში არსებული სოციალური პრობლემის განსაზღვრაზე და ამ პრობლემის მოგვარების ინოვაციური და მდგრადი გზების დასახვაზე. გუნდის მიერ შერჩეული პრობლემა უნდა ყოფილიყო  მნიშვნელოვანი გამოწვევა, ამასთანავე გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მიზანთან შესაბამისობაში.

პროგრამა განსახორციელებლად შეირჩა ჰიბრიდული სწავლება,  რომელიც მოიცავდა, როგორც დისტანციურ, ისე პირისპირ ვორქშოფსა და შეხვედრებს.  მოსწავლეებში აღინიშნა მაღალი ინტერესი პროგრამის მიმართ, რაზეც მეტყველებს ის ფაქტი რომ  პროგრამამ მოიცვა 14 წლიდან ზევით, მინიმუმ 100 მოსწავლე.

პროგრამის დასკვნით ეტაპზე, გუნდების მიერ შემუშავებული ინოვაციური იდეები,  განიხილა  შესაბამისმა ჟიურიმ და შეარჩია სამი გამარჯვებული გუნდი, რომელთაც დამატებით გადაეცათ  სასწავლო ციფრული ტექნიკა, ხოლო პირველ ადგილზე გასულ გუნდს  ინოვაციური  იდეის  განხორციელებისათვის გადაეცა 20,000 ლარი.

პროგრამის წარმატებით განხორციელებამ უზრუნველყო სათემო საკითხებში მოსწავლეთა ჩართულობის უნარ-ჩვევების გამომუშავება და ინტერესის ზრდა.  აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში  დაფინანსებულ იქნა ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში პირველად, საჯარო სკოლის მზის პანელებით აღჭურვა.

პროექტის უნიკალურობა გამოიხატება იმაში, რომ  გამოვლინდა მრავალმხრივი დადებითი ასპექტი, პირველ რიგში ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარების კუთხით, ასევე კერძო-საჯარო პარტნიორობის წარმატებული მაგალითი და საბოლოოდ მივიღეთ გამარჯვებული ინიციატივა, რომლის განხორციელებით სკოლა იყენებს განახლებად ენერგიას და საფუძველი ჩაეყარა  მდგრადი მიდგომების  გამოყენების პრაქტიკას საჯარო დაწესებულებებში.