მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით

მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით

მოქალაქეთა გაძლიერება ადგილობრივ მმართველობაში მდგრადი განვითარების მიზნით
დუშეთის მუნიციპალიტეტი მოქალაქეთა მონაწილეობა, ადგილობრივი საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება 2023 17-11-2023

მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივი გადაწყვეტილების პროცესში ადგილობრივი დემოკრატიის ერთ-ერთ მთავარი მახასიათებელია, რადგანაც სწორედ მუნიციპალური მართვის ორგანოების უფლებამოსილებას წარმოადგენს მოქალაქეთა პირველადი  საჭიროებების გადაწყვეტა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი განსაზღვრავს მოქალაქეთა მონაწილეობის კონკრეტულ ფორმებს, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოსახლეობის ჩართვის საკითხი დუშეთის მუნიციპალიტეტში დიდ გამოწვევას წარმოადგენს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის CM/Rec(2009)7–ის თანახმად, არსებობს 5 გარემოება, რაც განაპირობებს მოქალაქეთა წარმატებულ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მონაწილეობა ძალიან წარმატებულია როდესაც მოქალაქეებს:

  1. აქვთ შესაძლებლობა,
  2. აქვთ სურვილი
  3. აქვთ უფლებამოსილება
  4. ეძახიან
  5. პასუხობენ

დღეისათვის დუშეთის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა აქტივობის დაბალი დონე სხვადასხვა ფაქტორებით არის განპირობებული, თუმცა უმეტეს შემთხვევაში პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორები შესაძლოა დაყვანილი იქნეს მოცემული ჩამონათვალის პირველ ორ ელემენტზე. 1. მოქალაქეთა მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ გადაჭრის მათ პრობლემებს; 2. მოქალაქეები არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას და ცოდნას ადგილობრივი თვითმართველობების საქმიანობაზე, მოქალაქეთა ჩართულობის  მნიშვნელობასა და შესაძლებლობებზე.

საგულისხმოა ისიც, რომ არ არსებობს «ტრადიციად ქცეული», ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოყენებული თანამშრომლობის და თანამონაწილეობის მდგრადი ფორმები. თანამონაწილეობის წარმატებული მაგალითები წარსულში უმეტესად ეპიზოდურ ხასიათს ატარებს. შესაძლოა ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზეა. როგორც მოსახლეობა, ისე თვითმმართველობის ორგანოები სწორედ ახლა იწყებენ იმ უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც საჭიროა ადგილობრივი პოლიტიკის, ინიციატივების, საბიუჯეტო პროგრამებისა და კონკრეტული ღონისძიებების შესახებ თანმიმდევრული, შედეგიანი ფართო დისკუსიის გასამართად.

პროექტის მთავარ ამოცანას, მონაწილეობითი ბიუჯეტირების და სახელისუფლებლო სტრუქტურების ანგარიშვალდებულების ინოვაციური მოდელის დანერგვა წარმოადგენდა. მოდელი, რომელიც მოსახლეობის ფორუმის სახელწოდებითაა ცნობილი, ითვალისწინებდა თემში არსებული პრობლემების განხილვის, მათ გადაჭრაზე ორიენტირებული იდეების განვითარების, პრიორიტეტების განსაზღვრის, ბიუჯეტის შემუშავების და შესრულების მონიტორინგის პროცესში ერთდროულად 100-150 პირის მობილიზებას და ჩართვას.