ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში აღინიშნება ქალთა დაბალი აქტიურობა, როგორც სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში, ასევე მუნიციპალურ პროცესებში ინიციატივებისა და მოსაზრებების წარდგენის კუთხით. მოცემული გარემოებების გამომწვევი მიზეზია საზოგადოებაში დაბალი ცნობიერება, საკმარისი ფინანსური რესურსის არქონა და სხვა. მუნიციპალიტეტის მიზანია, შესაძლებლობის ფარგლებში, შეამციროს ის ბარიერები, რაც განაპირობებს ქალების დაბალ აქტიურობას საზოგადოებრივ საქმიანობაში. ამასთან, მნიშვნელოვანია არ დაიკარგოს ქალთა ეკონომიკური პოტენციალი და შეიქმნას წამახალისებელი სერვისები.
ქალთა გაძლიერების მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი წლებია ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ პროგრამას, მათ შორის მარტოხელა მშობელთა დახმარების, ახალშობილთა ოჯახების დახმარების, მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური დახმარების, ხუთი და მეტშვილიანი ოჯახების დახმარების პროგრამებს. ასევე, მუნიციპალიტეტში შექმნილია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო.
მიუხედავად არსებული პროგრამებისა, საჭირო გახდა სერვისების კიდევ უფრო გამრავალფეროვნება, რაც გააუმჯობესებდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტით დამტკიცდა „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა.
ხშირ შემთხვევაში, ქალებს არ აქვთ ინფორმაცია მუნიციპალური სერვისების შესახებ, თუ აქვთ ინფორმაცია, თავს იკავებენ აქტივობებში მონაწილეობის მიღებისაგან ან არ იციან როგორ და რა ფორმით შეავსონ აპლიკაცია. მაგალითად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ ხელშეწყობის“ პირველად გამოაცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ორმა აპლიკანტმა. არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენისა და აპლიკაციის ხარვეზით შევსების გამო ვერც ერთი დაკმაყოფილდა. მუნიციპალიტეტმა ხელმეორედ გამოაცხადა აღნიშნული კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღო ასევე ორმა აპლიკანტმა, რომელთაგან ვერც ერთი დაკმაყოფილდა, ვინაიდან აპლიკაცია არ აკმაყოფილებდა პროგრამის მართვის მოთხოვნებს. კონკურსის შედეგებმა ცხადყო, რომ საჭირო იყო ინფორმაციის კიდევ უფრო მეტად გავრცელება და საინფორმაციო შეხვედრის მოწყობა, რათა დაინტერესებული პირებისათვის დეტალურად ახსნილიყო კონკურსის არსი, მიზანი, წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა და აპლიკაციის შევსების წესი.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, დაინტერესებულ პირთათვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამა „ადგილობრივ დონეზე ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება/ ხელშეწყობის“ შესახებ. წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია, დამსწრე საზოგადოებას (ქალებს) დეტალურად მიეწოდა ინფორმაცია აპლიკაციის შევსების წესებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ.
საინფორმაციო შეხვედრის შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ მესამედ გამოცხადებულ კონკურსში საგრძნობლად იმატა მონაწილეთა რაოდენობამ, ასევე, განაცხადი შემოიტანა ქალთა საინიციატივო ჯგუფმა. წარმოდგენილ იქნა პროგრამის მართვის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მყოფი აპლიკაციები, რომელთაც დაიმსახურეს კონკურსის მეორე ეტაპზე გადასვლა.