ახალი კანონმდებლობით; „ბავშვის უფლებათა კოდექსი“, საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ და საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ მუნიციპალიტეტებს მიენიჭათ დამატებით მნიშვნელოვანი კომპეტენციები სოციალური დაცვის და მომსახურების სფეროში. სოციალურ სფეროში ეფექტური საქმიანობა ეფუძნება პროგრამულ მიდგომას, რისთვისაც მუნიციპალიტეტის გამოწვევაა საჭიროებათა შესახებ სრული, განახლებადი და სანდო ინფორმაციის ფლობა, რათა სწორად მოხდეს პრიორიტეტების და ამოცანების ჩამოყალიბება. გაზრდილი პასუხისმგებლობების და ახალი ფუნქციების დამატების პირობებში, კიდევ უფრო გამოიკვეთა არა მხოლოდ საჭიროებების, არამედ იმ სიტუაციის შესწავლის აუცილებლობა, სადაც წარმოიქმნება ეს საჭიროებები, მათი წარმოქმნის სტრუქტურის, წარმომშობი ფაქტორების იდენტიფიცირება.