ადგილობრივი თვითმმართველობა საზოგადოებრივი საკითხების ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად მოწესრიგებას გულისხმობს. საქართველოს ორგანული კანონის, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, „ადგილობრივი თვითმმართველობა არის საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.“(ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი. თავი 1; მუხლი 2.). მონაწილეობა წარმოადგენს ევროსაბჭოს კარგი მმართველობის 12 პრინციპიდან უპირველესსაც. მონაწილეობითი ბიუჯეტირების პრინციპის დანერგვა შესაბამისობაშია მდგრადი განვითარების (SDG) მე-16 მიზანთან - „მშვიდობა, სამართლიანობა, ძლიერი ინსტიტუტები“. აქედან გამომდინარე, თვითმმართველობის განხორციელებისას, მოქალაქეთა ჩართულობა და მათი აზრისა და საჭიროებების გათვალისწინება გადამწყვეტია. თუმცა, მოქალაქეთა ჩართულობა თვითმმართველობის განხორციელებაში კვლავ ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს და გამოწვევად რჩება. შედეგად, ხშირ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის წინაშე დგას რეალობა, როცა მიუხედავად განხორციელებული პროექტებისა და დახარჯული საბიუჯეტო სახსრებისა, მოქალაქეთა კმაყოფილების ხარისხი მუნიციპალიტეტის საქმიანობით კვლავ დაბალია. მხედველობაშია მისაღბი გარემოებაც, რომ არსებული შეზღუდული რესურსების პირობებში, მუნიციპალიტეტს მუდმივად უწევს პრიორიტეტების განსაზღვრა და რესურსების მიმართვა საჭიროებებზე. ამ საკითხში კი მოქალაქეთა მონაწილეობა აუცილებელია. მეტიც, საჭიროა მოქალაქეთა მუდმივი ჩართულობა, რაც ერთის მხრივ ადგილობრივ ხელისუფლებას დაეხმარება მოქალაქეთა საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების განსაზღვრაში, მეორეს მხრივ კი მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას თავი მიმდინარე პროცესების სრულფასოვან მონაწილედ იგრძნონ, ისწავლონ მოქმედება შეზღუდული რესურსების პირობებში და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო ბიუჯეტირების განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის შესაბამისად სრულფასოვნად განხორციელების, ისე ევროპასთან ინტეგრაციის მიმართულებით.
მუნიციპალიტეტი ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული თუ სხვა პროექტების განსახორციელებლად მოქალაქეებთან წინასწარი კონსულტაციის გზას ყოველთვის მიმართავდა, თუმცა, მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო ბიუჯეტირება არის მეტად გაუმჯობესებული, ინოვაციური მიდგომა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ამაღლებას, ვინაიდან, მოქალაქეები თავად მონაწილეობენ განსახორციელებელი საპროექტო იდეების შემუშავებაში, შემდეგ თავადვე ეწევიან მათ მიერ შემუშავებული იდეების ადვოკატირებას თემში და ბოლოს, თავადვე იღებენ გადაწყვეტილებას, თუ რომელი პროექტის განხორციელებას ისურვებდნენ ფარული კენჭისყრის საშუალებით. სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესის თითოეული საფეხური მოითხოვს მოქალაქეთა გააქტიურებას, რაც უზრუნველყოფს თემის თითოეულ წევრის ინფორმირებას მიმდინარე პროცესის შესახებ და აძლევს მათ შესაძლებლობას გახდნენ გადაწყვეტილების მიღების მონაწილენი მათთვის სასურველი საშუალებებით (შეიმუშაონ საპროექტო იდეა, გაუწიონ იდეას ადვოკატირება, ან მხარი დაუჭირონ სასურველ საპროექტო იდეას კენჭისყრაში მონაწილეობის გზით). აქამდე გამოყენებული ფორმით - მოქალაქეებთან კონსულტაციით ვერ ხერხდებოდა მოქალაქეთა ფართო მონაწილეობის უზრუნველყოფა, რაც მათ გარკვეულ ნაწილს გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გარიყულობის განცდას უჩენდა.
მონაწილეობითი ბიუჯეტირების გამოყენება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ამაღლების მიმართულებით. თუ მხედველობაში მივიღებთ წარმოდგენილი საპროექტო იდეების დიდ რაოდენობას (სურამი -32 ქვიშხეთი - 53 ცხრამუხა - 77 საპროექტო იდეა), შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ მოქალაქეთათვის მონაწილეობითი ბიუჯეტირების იდეა მისაღები აღმოჩნდა და მათი მხარდაჭერა გამოიხატა როგორც იდეების შემუშავების, ისე კენჭისყრაში მაღალი ჩართულობის გზით.