ახალგაზრდობა საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელმაც ცვლილებებისა და განვითარების პროცესში არამარტო მონაწილის როლი შეიძლება ითამაშოს, არამედ თავად იქცეს გარდამტეხი პროცესების ინიციატორი. ეს გულისხმობს ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა ცოდნისა და უნარების ათვისებისთვის აუცილებელ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ასევე ახალგაზრდების უფლებების დაცვას, მათი საჭიროებების შესწავლასა და რეაგირებას, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ დონეზე. ეს ყველაფერი ერთად ქმნის ხელსაყრელ გარემოს ახალგაზრდებისთვის, რაც თავის მხრივ აისახება საზოგადოების განვითარების დონეზე.
სწორედ ამ მიზნით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული მიმართულებით და შექმნა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი 2019-2022წწ, რომელიც ეფუძნება „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტს“ მუნიციპალიტეტში არსებული სპეციფიკისა და საჭიროებების გათვალისწინებით. სტრატეგია 4 ძირითად მიზანს ემსახურება, რომელთა მისაღწევად განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები. აღსანიშნავია არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის მიზნით მერიის მიერ შემუშავებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების და თანადაფინანსების პროგრამა. ეს არის შესაძლებლობა, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები თავიანთი იდეებისა და ინიციატივების განსახორციელებლად ფინანსურ მხარდაჭერას ადგილობრივი მუნიციპალიტეტისგან ღებულობენ. გაიუმჯობესონ ისეთი უნარ-ჩვევები, როგორიცაა პროექტის წერის, ანგარიშგების, პრეზენტაციის, თანამშრომლობის და ორგანიზაციის მართვის.
საკონკურსო თემის ფარგლებში წარმოგიდგენთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული პროექტების დაფინანსების და თანადაფინანსების პროგრამას, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს მუნიციპალიტეტში, როგორც წარმატებული, მდგრადი და გამჭვირვალე პროგრამა.